სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა. მხარეებმა დღეს მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართეს და საქმეში მტკიცებულებების დართვა მოითხოვეს. „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000-5 000 ლარი დაეკისრა.
მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში ცილისმწამებლური იყო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს უჩა მამაცაშვილის უფლებადამცველი.