სარაკეტო თავდასხმა კიევზე

რუსეთის მიერ ღამით კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის მთავრობის ცნობით, კიევის შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს დაეცა, რის შედეგადაც საწარმოს ორი თანამშრომელი დაიღუპა. რაკეტის ნამსხვრევები ასევე მაღაზიის სახურავს დაეცა დარნიცის რაიონში. უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 44 საჰაერო სამიზნიდან 43 გაანადგურეს. კერძოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 28 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი მძლავრი თავდასხმა კიევს გაზაფხულის შემდეგ არ განუცდია, განადგურებულია 20-ზე მეტი დრონი და რაკეტა. რვა ფრთოსანი რაკეტა კი განადგურდა ოდესის ოლქში, ზღვის თავზე.