„გადავარჩინოთ უკრაინა“ – ამ სახელწოდებით სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 27 მარტს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. ტელემარათონი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმართება. ის ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გავა. პირდაპირი ეთერი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტპლატფორმებზე, იუთუბარხებზე და „ინსტაგრამზე“.
ტელემარათონის საშუალებით შეგროვებული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება. სოლიდარობის მარათონში მონაწილეობას ცნობილი მუსიკოსები და ბენდები მიიღებენ. ტელემარათონში ერთვებიან მუსიკოსი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მებო ნუცუბიძე, მუსიკალური არტისტი ბეთხო და ანსამბლი „იალონი“.
უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაბამის ვალუტაში შესაძლებელი იქნება ეკრანზე მითითებული საბანკო ანგარიშის საშუალებით.