საქართველოს პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე

ოფიციალური თბილისი კიევისგან მძიმე ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ინფორმაციის წყაროს ითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, რომელსაც უწყებაში ჰკითხეს, რის საფუძველზე გაავრცელა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გუშინდელი განცხადება. სამინისტროს განცხადების მიხედვით, დიპლომატმა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ინფორმაციას, რომლის მიხედვით სანქცირებული პროდუქტების, მათ შორის იარაღის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის საქართველოს გავლით, ხელისუფლება ცილისწამებად და პროვოკაციად აცხადებს. ისევ კეთდება მინიშნებები მსგავსი ბრალდებების მიღმა უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კვალზე. ფაქტების წარდგენას ელოდება ოპოზიციაც, რომელიც თავის მხრივ ხელისუფლებას უცხოელი პარტნიორების და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ და ვიცე-პრემიერის მიერ გახმოვანებულ ბრალდებაზე კიევიდან ამ დრომდე არანაირი ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.