საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს საფეხურზეა 

12:03, 09.10.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 184 ქვეყანას შორის, უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. აღნიშნულს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

უწყების ცნობით, წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი და საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს, პირველ კალათაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო მნიშვნელოვანი და მდგრადი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის უმაღლესი შეფასება განაპირობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პროაქტიური გამოვლენისა და გამოძიების, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები.

მსგავსი