საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელ აქციებზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავა. მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ამასთან, ბრალდებულის სახით დააკავეს 32 წლის მამაკაცი, „პალიტრანიუსის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

კიდევ ერთი პირი კი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინის დაზიანებისთვის აიყვანეს. გუშინდელ აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათი ნაწილი ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა. აქციები რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ ის ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც მდუმარე აქციაზე 5 ივლისის ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ. ქაშუეთის ეკლესიასთან კი, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იდგნენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ ტერიტორიიდან ათეულობით ადამიანი გაიყვანა. მათ პარლამენტთან გადმონაცვლება სურდათ და სამართალდამცველთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.

მოგვიანებით, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. კონტრაქციის მონაწილეები კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადავიდნენ და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.