პოზიტიური გზავნილებით შეცვლილი თითქმის ორთვიანი დაძაბულობა. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ოფიციალური თბილისი სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა გაუგებრობას მოგვარებულად აცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ხაზს უსვამს, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლებას დამახინჯებულად ჰქონდა მიწოდებული. ოპტიმისტური განწყობით არის დაბრუნებული დელეგაციის ოპოზიციური შემადგენლობაც, რომელიც მეგობარ ქვეყანაში გამართულ შეხვედრებს ურთიერთობის ნორმალიზების და აღდგენის საფუძვლად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, შეხვედრებზე ორმხრივი სანქციების თემაც განიხილეს. თბილისმა კიევი დაარწმუნა, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ადგილი საქართველო არ არის და არც იქნება. თუმცა სწორედ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სპიკერის პოზიცია ოპოზიციის რიგებში დავის საგანი ხდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელმაც დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი ოპოზიციის რიგებშიც ნეგატიურად ფასდება.