ომის 28-ე დღე – უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება.
კიევის გარეუბანში მდებარე ქალაქ ირპენის 80 %-ს უკვე უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ირპენის, ბუჩისა, გოსტომელის რაიონში რუსული ძალები ალყაში მოაქციეს. ირპენის მერის თქმით, ქალაქი გრადის სარაკეტო სისტემით მასიურად იბომბება. საოკუპაციო ძალების სამიზნეს კი, საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენს. ქალაქში 6000-მდე მოქალაქე რჩება. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებშიც. დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მაღალსართულიანი შენობები. გარდა ამისა, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი ღერძი. ხარკოვის შემოგარენში დაიბომბა სოფელი ლაზოვაია. მედიის ცნობით დაღუპულია ერთი და დაშავებულია ცხრა ადამიანი. უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებით, დღეს უკრაინის ქალაქებში ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, თუმცა მათ შორის მარიუპოლი არ არის,რადგან ქალაქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოდესის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. პენტაგონის ცნობით, არის ნიშნები, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავს, არამედ ზოგიერთ რაიონში შეტევაზეც გადადის.
უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. პირდაპირ კავშირზე რატი ხვისტანი და ოპერატორი დავით ცირიკიძე გამოდიან.