საომარი მოქმედებების 169-ე დღე უკრაინაში

მსოფლიო ბირთვული კატასტროფის საფრთხე დღის წესრიგიდან ისევ არ იხსნება.

ამჯერად განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის ხელოვნური პროვოცირება შეუძლია. ის დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ. კიევის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ატომური სადგურის მისამართით რაკეტები დღეს კიდევ ერთხელ გაუშვა. საპასუხოდ მოსკოვი ცეცხლის გახსნაში უკრაინელებს ადანაშაულებს. საკითხზე უკვე ჩაინიშნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატომურ სადგურთან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს. პარალელურად, ოფიციალური კიევი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტოს. თუმცა, ინიციატივამ ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარეს 13 ათასი ბელარუსი მებრძოლი ჩაერთვება.