საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ოლქიდან გარბიან – ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები იმ ქალაქებიდანაც გადიან, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო. უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სათანადო შეიარაღების პირობებში, ქვეყანას ომში გამარჯვება შეუძლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქებიდან – იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ახლა გადაჯგუფება დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს. პარალელურად, დონეცკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოლქის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიმანთან და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან რთული ვითარებაა შექმნილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონტრშეტევით ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სამხედროები უკვე ქალაქ ლისიჩანსკის გარეუბნებში იმყოფებიან. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქი ზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს. მანამდე, ინფორმაცია ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შესახებაც გავრცელდა.