საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინელი სამხედროების ნაწილი დროებითი დაკავების იზოლატორში, ნაწილი – საავადმყოფოში. „აზოვსტალიდან“ მეომრების ევაკუაცია ამ დრომდე არ არის დასრულებული. ახლა მთავარი საზრუნავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანილი „აზოველების“ სიცოცხლის დაცვა და ჯანმრთელობაა. მათი უსაფრთხოების დასაცავად სამხედროების პირად მონაცემებს აღრიცხავს „წითელი ჯვარი“, რომელიც ევაკუაციის გეგმაში გაერო-სთან ერთად არის ჩართული. კიევს იმედი აქვს, რომ მარიუპოლის მცველების გადაცემის და რუს ტყვეებში გაცვლის პირობა შესრულდება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებია. დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ბუნდოვანია მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა. ომში მყოფი ქვეყანა ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება, თუმცა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ცალკეული სკეპტიკური განცხადებების გამო კიევიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართ საყვედურნარევი გზავნილები ჟღერდება.