უკრაინის ქალაქებში სროლისა და აფეთქების ხმა ისევ ისმის – რუსებმა ხარკოვის რაიონი საარტილერიო სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაბომბეს. დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 22 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა ზაპოროჟიეს რაიონიც.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ზაპოროჟიეში რუსებმა ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს. დაბომბვები გრძელდება ჟიტომირისა და პოლტავას რაიონებშიც. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს 1 900-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 153 არასრულწლოვნის, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 500 აღემატება.
კვლავ მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, რომელიც რუსების ალყაშია. რუსმა სამხედროებმა ტანკიდან გაუხსნეს ცეცხლი საქველმოქმედო ორგანიზაციას, დაღუპულია ორგანიზაციის ორი წევრი, დაშავდა ხუთი ადამიანი. რთული ვითარების ფონზე, უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში არცერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ იმუშავებს. ამასთან, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ქვეყანაში სულ მცირე, 20 ჟურნალისტი მოკლეს.