სამხედრო დაპირისპირება რუსეთში - ვლადიმერ პუტინის განცხადება

არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი განმეორდეს, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება.

პრეზიდენტის თქმით, მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, გაანეიტრალონ ისინი, ვინც შეიარაღებული ამბოხი მოაწყო. პუტინის თქმით, ყველას, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟსა და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ხალხის წინაშე.

ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის მარშს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.