სახალხო დამცველის კანდიდატებზე მსჯელობას მმართველი გუნდი და ოპოზიცია მომავალი კვირიდან კვლავ გააგრძელებენ. როგორც კონსულტაციების პირველი რაუნდის შემდეგ გაირკვა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი არ უნდა ჩავარდეს, რათა ევროკომისიის რეკომენდაციების თორმეტივე პუნქტი შესრულდეს. ასევე, როგორც კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უმსჯელიათ, თუმცა, ერთგვარად დავიწროვდა იმ პირთა წრე, ვისზეც პარტიებს შეჯერება მოუწევთ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება, მას შემდეგ, რაც საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელებენ. კონსულტაციების პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“, რომელიც პროცესს უნდობლობას უცხადებს. მათი მხარდაჭერა კი კენჭისყრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს ექნება.