სახალხო დამცველის გამოხმაურება

ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია წერს: წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არცერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტიანად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს – შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს,“ – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

დატოვე კომენტარი