საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-5 სპეციალური ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიამ 2019 წელს დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმად, დისკრიმინაციის ფორმები – შევიწროება და სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აიკრძალა, გაძლიერდა სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებთან მიმართებით, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა კი, დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, ერთ წლამდე გაიზარდა.
სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, ძირითადი პრობლემები დეკრეტული შვებულებისა და ანაზღაურების კუთხით გამოვლინდა. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, კერძო და საჯარო სექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით არათანაბარი მიდგომა აქვს. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით ერთიანი პრაქტიკის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.