საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნითი დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე სექტემბერში წარედგინება. ასევე საზოგადოებისათვის ერთ თვეში გახდება ცნობილი 430-გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი. საგამოძიებო კომისიის მუშაობას ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დევნაა.
მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ კი დასკვნას სამართლებრივად და პოლიტიკურად მაღალი დონის დოკუმენტს უწოდებს. გუშინდელ დასკვნით სხდომაზე კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ზეწოლა, პირადი თვალთვალისა და შანტაჟის შემთხვევები. დასკვნა 800-მდე ახსნა-განმარტებითი განაცხადის, 139 პირის გამოკითხვის, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადდა. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება.