რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები მეექვსე დღეა არ წყდება. როგორც რუსული მედია წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალები, კურსკის კიდევ ერთ რაიონში, ბელოვსკში გამოჩნდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბელოვსკის რაიონში არსებული ვითარება კვლავაც დაძაბულია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაიონიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გრძელდება. მთავრობა ყველას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ საშიში ზონა. მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური საევაკუაციო ავტობუსები ელოდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების ბელოვსკის რაიონში შესვლის მცდელობა აღიკვეთა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოქალაქეების ევაკუაცია ასევე დაწყებულია ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდანაც. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დღეს დილიდან ამ რაიონში უკრაინელების აქტივობა დაფიქსირდა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გუშინ, ღამით რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 დრონი ჩამოაგდეს კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში. ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ასევე ჩამოაგდეს როსტოვის ოლქშიც.