რუსთავში „ოქსიგენფესტი“ იწყება – უკვე ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალი სტუმრებს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ღონისძიება 20:00 საათზე რუსთავის სკოლების მედალოსნების დაჯილდოებით დაიწყება. ცერემონიის შემდეგ, „ოქსიგენფესტის“ მუსიკალურ ნაწილს ანსამბლი „თუთარჩელა“ გახსნის, ფესტივალის მთავარ სცენას კი „ჯეობიტ პროდაქშენი“ და ჯგუფი „ფრანი“ დაიკავებენ.
ხვალ კი სტუმრებს „დესპანის“, „ოჩოს ქოხის“, „მუროს“ და „რეგიონის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. ჩატარდება ტრადიციული ფიშ-ფესტიც. საფესტივალო სივრცე რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზეა მოწყობილი.