რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა
რუსთაველის გამზირზე, გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა. მათ შორის არის აქტივისტი გიორგი გაბედავაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, კონტრაქციის 19 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გუშინდელი კონტრაქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.