რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე შვიდი პირის შესახებ იმსჯელებს. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გეგმავს, მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართოს იმისთვის, რომ უფლებადამცველებმა მტკიცებულებების მოპოვება შეძლონ.
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, საქალაქო სასამართლოში სხდომა გუშინაც გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შვიდივე პირი გათავისუფლდა და საქმის არსებითი განხილვა 22 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 2 მარტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.