რუსეთმა ბირთვული შეიარაღების სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო

რუსეთმა ივანოვოს ოლქში ბირთვული შეიარაღების სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების „ტეიკოვის“ დანაყოფი, წვრთნებს სტრატეგიული კომპლექსების „იარსის“ გამოყენებით ატარებს. რუსული მედია წერს, რომ წვრთნებში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ასევე 100-ზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული, თუმცა განხორციელდება თუ არა რაკეტების სასწავლო გაშვება, ჯერჯერობით უცნობია.

სტრატეგიული სარაკეტო ძალების წარმომადგენლები ამუშავებენ სარაკეტო სისტემების საველე პოზიციებზე მიყვანის საკითხებს, 100 კმ-მდე მანძილზე მსვლელობას მოაწყობენ, ასევე მოხდება აგრეგატების დაშლა საველე პოზიციების ცვლილებით, მათი საინჟინრო აღჭურვა, შენიღბვის ორგანიზაცია და საბრძოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „იარსს“ სამიზნეების განადგურება 11 000 კმ-მდე მანძილზე შეუძლია.