რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე.

დაბომბილია კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა კიევის ბავშვთა ყველაზე დიდი საავადმყოფო „ოხმატდიტი“, სადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. არის მსხვერპლი. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ამ დრომდე რჩებიან. ჭურვები დაეცა კიევში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსსაც. რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის ექვს რაიონში ჩამოცვივდა. დღესვე დაიბომბა კრივოი როგი, დნეპროპეტროვსკი, სლავიანსკი, კრამატორსკი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაზე მიტანილი იერიშების შედეგად მარტო დღეს 30-მდე ადამიანია დაღუპული, დაშავდა ათეულობით მოქალაქე. მასირებული თავდასხმების შემდეგ უკრაინა გაერო-ში უშიშროების საგანგებო საბჭოს სხდომას იწვევს. მსოფლიო ლიდერების ნაწილი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ნატოს სამიტს უკავშირებს.