უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები გრძელდება – გაერთიანებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 12 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია ცოცხალი ძალა, ასევე ტანკები, საარტილერიო სისტემები, ჯავშანმანქანები და ავტომობილები. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ დონეცკსა და ლუგანსკში თავდაცვითი ოპერაციის წარმოებას. მათივე თქმით, რუსეთის არმია აგრძელებს მასირებულ შეტევას სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით. რუსული ძალების დარტყმებს დნეპროპეტროვსკის ოლქში ნგრევა მოჰყვა, ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
მიკოლაევის ოლქში დაბომბვა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ორი და დაშავებულია 14 ადამიანი. ოკუპანტებმა დონეცკსა და ლუგანსკში ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს. დაიღუპა ცხრა ადამიანი, 14 კი დაშავდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შექმნილი ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსეთის არმია ცდილობს, ალყაში მოაქციოს სევერდონეცკი. გავრცელებული ცნობებით, რუსები ქალაქის მისადგომებთან იმყოფებიან.
ინტენსიური ბრძოლა გრძელდება ლიმანთანაც – სხვადასხვა ცნობით, რუსი სამხედროები ქალაქში უკვე შევიდნენ. გუშინ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვსაც. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის ახალშობილი ბავშვი. დაიჭრა კიდევ 19 მოქალაქე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ემზადებიან შეტევის განახლებისთვის ზაპოროჟიეს ოლქზეც. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის, თუმცა მას სჭირდება შეიარაღება.