რუსეთის აგრესიის 87-ე დღე – საოკუპაციო ძალები უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ. ხარკოვის ოლქში, ქალაქ ლაზოვაიას მიმართულებით გასროლილი რაკეტები კულტურის სახლს დაეცა, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა.
ლაზოვაიას გარდა, დაიბომბა ხარკოვის რაიონის სხვა დასახლებებიც. ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვების შედეგად, ათ სამოქალაქო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელთა ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინული მხარის ცნობით, როვენის ოლქში რუსებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა სამხედრო ობიექტზე. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აფეთქებების ხმა ისმოდა ჟიტომირის რაიონშიც.
დონბასის რეგიონში რუსებმა 83 სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. მიმდინარეობს უკრაინული პოზიციების დაბომბვა ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები საკუთარ ძალისხმევას დონეცკის ოლქში – ლიმანის, სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ, ასევე ცდილობენ პოპასნაიას რაიონში ახალი პოზიციების დაკავებას, თუმცა უშედეგოდ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში გაანადგურეს მტრის 80-მდე მებრძოლი, ერთი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 430 შეადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს კვლავ ბრძოლისკენ მოუწოდებს, ხოლო უკრაინელების დახმარების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს შექმნან ფონდი, რომელშიც რუსეთის საზღვარგარეთული ქონება და აქტივები იქნება მობილიზებული და დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება.