ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს და ახალ სანქციებსაც ათანხმებენ.
უკრაინის პრეზიდენტი დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ახალ თავდასხმებს ელოდება. არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლის მცველებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა. „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პირველი რიგის ამოცანა მეტალურგიული ქარხნის თავშესაფრებში მყოფი დაჭრილი მეომრების ევაკუაციაა, რადგან დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო სერვისებზე წვდომის არარსებობის გამო ყოველდღე უარესდება. კომბინატში წყლის და საკვების დეფიციტიცაა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაჭრილების ევაკუაციის გეგმა უკვე შეთანხმებულია, თუმცა ოფიციალური კიევი ამ ცნობებს ჯერ არ ადასტურებს. ალყაშემორტყმულ მარიუპოლთან ერთად საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება მთელი დონბასი. ერთ-ერთი მთავარი ცხელი წერტილი ახლა ხარკოვია.