რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გადამწყვეტი საათები „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროებისთვის. დაიწყო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომლის მიზანი, პირველ რიგში, დაჭრილი მებრძოლების გაყვანაა. საევაკუაციო გეგმა ისევ გაერო-ს და „წითელი ჯვრის“ ჩართულობით უნდა შეთანხმდეს, მოლაპარაკების პროცესში შუამავლის სახით, სავარაუდოდ, თურქეთიც მონაწილეობს. ბოლო მონაცემებით, მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, ჰოსპიტლის დაბომბვის და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო რამდენიმე დაჭრილი დაიღუპა. „მოამბესთან“ ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე მესამე მხარის გარანტიების გარეშე ევაკუაციის უსაფრთხოდ დასრულებას გამორიცხავს. მოსკოვისთვის კი ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოების გზა მხოლოდ იარაღის დაყრაზე გადის, რაც ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცველებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება, რუსეთი კი ნატოს შემდეგ ამჯერად უკვე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.