„აზოვსტალში“ შეტაკებები მიმდინარეობს.
რუსეთის შტურმიდან მესამე დღეს „აზოვის“ მებრძოლები მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიის დაცვას განაგრძობენ. უკრაინის ხელისუფლება მტრის პოზიციების შესუსტებაზე მიუთითებს, თუმცა რუსი სამხედროების განდევნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე. ქარხნის თავშესაფრებში ამ წუთამდე რჩება ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, ასევე დაჭრილი მებრძოლები, რომელთა გასაყვანად „აზოვი“ სასწრაფო დახმარებას ითხოვს. რუსეთის დაპირების მიუხედავად, გაერო-ს და „წითელი ჯვრის“ მიერ შეთანხმებული საევაკუაციო გეგმა შეფერხებებით სრულდება. ის ადამიანები კი, რომლებიც სარდაფებიდან ამოიყვანეს და არაერთხელ დაბომბილი ქარხნიდან უკვე უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს, უმძიმეს დღეებს იხსენებენ. პარალელურად სულ უფრო ინტენსიური ხდება დონბასში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიშები. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ცხრა მაისის მოახლოებასთან ერთად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევის ახალი ფაზა დაიწყეს.