რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამის განმავლობაში უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რაკეტებმა საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ერთი დღით ადრე, კრამატორსკში დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევის ოლქში ქალაქ ბროვარიზე. წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანეიტრალა. დაიბომბა უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი, დნიპროც. ქალაქის მერის თქმით, ცეცხლი გაუხსნეს როგორც ქალაქის ცენტრს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურასაც. უფრო ადრე კი, საოკუპაციო ძალების შეტევას დონეცკის რეგიონის, ქალაქ ავდეევკაში 10 ადამიანი ემსხვერპლა. ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება იყო მაკიივკაში, რამაც ხანძარი გამოიწვია. საჰაერო თავდასხმის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ლვოვში. ქალაქ იზიუმთან კი რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ალექსანდრ მახოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ტელეარხებზე „უკრაინა“ და „უკრაინა 24“ . ის მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა.