ასეულობით ადამიანი გადარჩენის მოლოდინში.
„აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მხოლოდ ნაწილის გაყვანა მოხერხდა. ცოტა ხნის წინ ევაკუაციის პროცესი შეფერხდა. შესაბამისად, მოქალაქეების ნაწილი კვლავ საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული მარიუპოლის დაბომბილი ქარხნის ტერიტორიაზე რჩება. შეთანხმებულ ადგილამდე, ანუ ზაპოროჟიემდე ჯერ ვერ ჩაიყვანეს ის ადამიანებიც, რომლებიც ავტობუსების პირველი კოლონით „აზოვსტალიდან“ გაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ ავიაიერიშებს მიმართეს. საევაკუაციო გეგმა, რომლის შეთანხმებაში გაერო-ს გენერალური მდივანი პირადად იყო ჩართული, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მარიუპოლთან ერთად იბომბება ქვეყნის მთელი აღმოსავლეთ ნაწილიც. მსხვერპლია ხარკოვზე მიტანილი კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად. ცეცხლის შესაწყვეტად დიპლომატიური ძალისხმევა ძლიერდება. დღის წესრიგში აქტიურდება ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილი. შუამავალი თურქეთი ოფიციალურ კიევს და მოსკოვს შეხვედრის ადგილად სტამბოლს ან ანკარას სთავაზობს.