დაბომბილი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დერეფანი ამ წუთამდე არ გახსნილა.
ავიაიერიშის სამიზნე გახდა „აზოვსტალის“ საველე ჰოსპიტალიც, არის მსხვერპლი. როგორ უნდა გამოიყვანონ ქარხნის ქვეშ დამალული მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი მებრძოლები – საევაკუაციო გეგმის შემუშავებაში გაერო-ს გენერალური მდივანი პირადად არის ჩართული. მოსკოვის შემდეგ გუტიერეში კიევშია ჩასული. დღეს მან ადგილზე ნახა ის სისასტიკე, რომელიც რუსეთმა კიევის ოლქში, ბუჩასა და ბოროდიანკაში გამოავლინა. დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის გაძლიერებული შეტევების ფონზე კიდევ უფრო მწვავდება საერთაშორისო რეაქციები და ძლიერდება ზეწოლა. გერმანიის პარლამენტი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას დათანხმდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კი რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.