მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი ამ წუთამდე არ გახსნილა.
500-მდე დაჭრილი სამხედრო და 1 000-მდე მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაბომბილი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რჩებიან. დილიდან ალყაშემორტყმულ ქალაქში საევაკუაციო ავტობუსებს ელოდებიან.
უკრაინა საევაკუაციო მარშრუტების გახსნის გაჭიანურებაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი პუტინის მხრიდან „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმებას რუსი სამხედროების უსაფრთხოებით ხსნის და ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, მარიუპოლს გათავისუფლებულად აცხადებს, თუმცა შოიგუს ეს განცხადებები დასავლურმა მედიამ უკვე შეაფასა სიცრუედ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მარიუპოლის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დამყარების მიუხედავად, ქალაქის დამცველები მაინც არ ნებდებიან. დონეცკსა და ლუგანსკზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დონბასში შეტევები გააქტიურებულია. მთავარი სამიზნეა ხარკოვი, ხერსონი, კრამატორსკი, იბომბება დასახლებული პუნქტები, ლუგანსკში საევაკუაციო დერეფნების სასწრაფოდ ამოქმედებას ითხოვენ.