რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

მარიუპოლის დაბომბილი ქარხნიდან გადარჩენილი მოქალაქეების გაყვანა ამ წუთამდე ვერ ხერხდება.

მათ შორის არიან დაჭრილი მებრძოლები და მცირეწლოვნები. რუსეთის მორიგი ულტიმატუმის პასუხად „აზოვი“ დანებებაზე უარს ამბობს. ამიტომ ალყაში მოქცეული ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნები არ იხსნება. „აზოვსტალის“ ქარხანას, რომელიც გუშინ მასშტაბური ავიაიერიშის სამიზნე გახდა, 1 000-მდე ადამიანი აფარებს თავს. „აზოვის“ მებრძოლები ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი სამხედროების და მოქალაქეების გაყვანაში დახმარებას მსოფლიო ლიდერებს სთხოვენ. მარიუპოლის მსგავსად, ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება ლუგანსკის ოლქს, საიდანაც მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. მასობრივი შეტევების სამიზნეა ზაპოროჟიეს რეგიონიც. ომის მეორე ფაზის დაწყების და დონბასში გადამწყვეტი შეტევების ფონზე ბუნდოვანია მოლაპარაკების მორიგი რაუნდის პერსპექტივა. უსაფრთხოების მყარი გარანტიების მოთხოვნის და საკუთარი პირობების წარდგენის შემდეგ, კიევი ახლა მოსკოვის წინადადებებს სწავლობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ გაერო-ს მოწოდებას სადღესასწაულო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკრაინა თანხმდება.