რუსეთი ღამით უკრაინას ექვსი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, ხუთის ჩამოგდება უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს. სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის სახანძრო განყოფილების შენობა დაზიანდა, დაშავდა რვა მაშველი. ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსებმა გაცილებით მეტი აღჭურვილობა დაკარგეს ავდეევკაში, ვიდრე უგლედარში ამ წლის დასაწყისში.
რუსული ტექნიკის მძიმე დანაკარგები ავდეევკაზე, სავარაუდოდ, ძირს უთხრის რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ შეეცდება, აანაზღაუროს რუსული ტექნიკის, განსაკუთრებით კი ჯავშანტექნიკის დანაკარგები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.