რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. ოდესის რეგიონს საოკუპაციო ძალები სამი საათის განმავლობაში ბომბავდნენ. რუსეთის შეტევას ოდესის რეგიონში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ნავსადგურის ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა. უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმაში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია მონაწილეობდა. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ფრთოსანი რაკეტები უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლეს.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიას გარკვეული წარმატება აქვს ზაპოროჟიეს რეგიონში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.