უკრაინა დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან ახალ დარტყმებს ელოდება.
კიევი დასავლეთისგან იარაღის სასწრაფოდ მიწოდებას ითხოვს და მსოფლიო ლიდერებს შეიარაღების კონკრეტული სიით მიმართავს. სოლიდარობის და რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიების მხარდაჭერის მიზნით უკრაინაში იმყოფებიან პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები. მათთან ერთად უნდა ყოფილიყო გერმანიის პრეზიდენტიც, თუმცა შტაინმაიერის ნაცვლად უკრაინულმა მხარემ კიევში გერმანიის კანცლერი მიიწვია, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო დაბნეულობას ვერ მალავს. გერმანიის გარდა ყურადღების ცენტრში ექცევა საფრანგეთის პრეზიდენტიც, რომლის ბოლო კომენტარმა უკრაინის უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის გენოციდად შეფასებისგან მაკრონი თავს იკავებს. მეორე დღეა, ერთ-ერთი მთავარი თემაა თითქმის ორთვიანი ძებნის შემდეგ დაკავებული, უკრაინაში პრორუს ოლიგარქად ცნობილი და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის პატიმრობაც. ზელენსკის შეთავაზებას, რომ გუშინ დაკავებული მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს, მოსკოვი უარით პასუხობს.