უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს. სამხედროები შეტევით ოპერაციას აგრძელებენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ გასულ ღამეს რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში ოდესისა და ნიკოლაევის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 13 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. ოდესის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა მდინარე დუნაიზე მდებარე პორტის საწყობი და მარცვლეულის საცავი. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა იზმაილში და პორტ რენში. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ მათ კალუგის ოლქში სამი უკრაინული შემტევი დრონი ჩამოაგდეს. ზელენსკი ფრონტის ხაზზე კიდევ ერთხელ გავიდა და სამხედროები მოინახულა.