რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა დილიდან სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის 7 ოლქზე. დაღუპულია 3 ადამიანი. რაკეტა ლუცკში მდებარე სამრეწველო ობიექტს მოხვდა, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქი ლვოვი, სადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა 40 სახლი. დნიპროში კი ერთ-ერთი რუსული რაკეტა საცურაო აუზს მოხვდა. ასევე დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო, შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკისა და ჩერკასკის ოლქებშიც. შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სულ რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით 28 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 16-ის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ძლიერი დარტყმები განახორციელეს კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით. განადგურებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. დონეცკის ოლქში იმყოფებდა ვოლოდიმირ ზელენსკი.