რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ომის 520-ე დღეს სუმის რეგიონზე 19 თავდასხმა განახორციელეს. დაფიქსირდა 87 აფეთქება. ერთ-ერთ თემში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ხორბლის ყანას, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსი, დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ბელოპოლსკაიას თემში კი განადგურდა ფერმა, დაიღუპა 50-ზე მეტი ცხოველი. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დონეცკის ოლქში, რის შედეგადაც ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხარკოვის ოლქშიც.
პარალელურად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის დედაქალაქზე. სერგეი სობიანის თქმით, სამხედროებმა აპარატების ჩამოგდება მოახერხეს. ამასთან აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიურ მიმართვას, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს და თქვა, რომ ოდესისა და სამხრეთ ტერიტორიის დასაცავად ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება.