რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამის განმავლობაში უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციის „ტუ-95“-ის ტიპის 12 ერთეული ბომბდამშენიდან რაკეტები გაუშვეს. მათივე ცნობით, უკრაინის მიმართულებით რაკეტები კასპიის ზღვის რეგიონიდან ისროლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინამ ღამის მანძილზე 36 რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, რუსული რაკეტები ჯერ დნეპრისკენ დაიძრნენ, მაგრამ შემდეგ მიმართულება შეიცვალეს და ოდესის, ნიკოლაევისა და ლვოვის ოლქისკენ გადაინაცვლეს. საბოლოოდ კი თავდასხმის სამიზნე უკრაინაში, ხმელნიცკის რეგიონში მდებარე სტარო კონსტანტინოვის სამხედრო აეროდრომი აღმოჩნდა.