რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – ოკუპანტებმა ოდესაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და თვითმფრინავებით მასობრივი შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. მედიის ცნობით, ოდესის რეგიონისა და ხერსონის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამას გარდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქზეც, თუმცა, საჰაერო თავდაცვამ მათი განადგურება მოახერხა.

პარალელურად, ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც რუსული ტელეგრამარხები იუწყებიან, უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალურ ბაზარზე დეფიციტი საკმაოდ ხელშესახები იქნება.