რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. ზაპოროჟიეს რეგიონში კი დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანებულია სახლები. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა. რუსი სამხედროები თავიანთ მთავარ ძალებს ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე აჯგუფებენ. შეტევების მოგერიება უკრაინის არმიამ შეძლო და ქვეყნის აღმოსავლეთით, რამდენიმე მიმართულებით შეტევაც დაიწყო.