რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი, 25 კი – დაშავებულია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად ასევე დაზიანებული და დანგრეულია კერძო სახლები და ავტომობილები. გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა ასევე კიევზე საკრუიზო რაკეტებით მიიტანეს იერიში. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის ყველა სამიზნის განადგურება. ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კილომეტრამდე მანძილზე წაიწიეს წინ. ასევე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ ბახმუტისა და ტორეცკის მიმართულებებით. ბოლო რამდენიმე დღეში, დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა სულ მცირე სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას, რომ საჭირო დახმარება მიიღოს.