უკრაინაში ომი გრძელდება – ჟიტომირის ოლქში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აფეთქებები იყო რივნეს ოლქშიც. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა, ექვსი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა და 16-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. აქედან საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოთხი საკრუიზო რაკეტისა და ათი დრონის განადგურება მოახერხა.
ხერსონის ოლქში კი წყლის დონემ კლება დაიწყო – გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია ისევ აქტიურად გრძელდება. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.