უკრაინელმა სამხედროებმა ღამის განმავლობაში რუსების მიერ ნასროლი 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთო ჯამში რუსეთმა კასპიის ზღვის რაიონში ბაზირებული სტრატეგიული ბომბდამშენებიდან 40 ფრთოსანი რაკეტა ისროლა და დასახლებულ პუნქტებზე მორიგი იერიშები განახორციელა. ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ქვეყნის დედაქალაქში, გოლოსევსკის რაიონში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს. მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საზენიტო სისტემებმა რუსული რაკეტები გაანეიტრალეს. კიდევ ორი აფეთქება მოხდა კიევში – პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საჰაერო განგაში უკრაინის ათ რეგიონში გამოცხადდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ ოდესაზეც. გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სუმის ოლქი ვერტმფრენით, ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს. სუმის ოლქში 50-მდე აფეთქება მოხდა.