ის, რაც კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქებში ხდება, მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გენოციდად და სამხედრო დანაშაულად ფასდება.
ევროკავშირი უკრაინულ მხარესთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ გამოვლენილი სასტიკი აგრესიის ფაქტების შესასწავლად და დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად საგამოძიებო ჯგუფს ქმნის და მტკიცებულებებს აგროვებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების იერიშის მთავარი სამიზნე კი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მტერი ცოცხალი ძალის დანაკარგის შევსებას დაქირავებული მეომრებითაც ცდილობს. გრძელდება ავიაიერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სიტუაცია ყოველდღე სულ უფრო მძიმდება ბლოკირებულ მარიუპოლში, რომლის დაკავების შემთხვევაში რუსეთი ყირიმზე პირდაპირ სახმელეთო გასასვლელს მოიპოვებს. ძლიერდება რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაც. ამერიკა მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს. ახალ სანქციათა პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც – შეზღუდვები ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასაც გულისხმობს. ბრიუსელის დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურდება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ზომების მიღებაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ენერგორესურსების მიწოდების სანაცვლოდ რუსეთმა ევროკავშირიდან 35 მილიარდი ევრო მიიღო.