რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი. ოკუპანტებმა „შაჰიდის“ ტიპის 35 უპილოტო აპარატიდან ისროლეს – უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი, ოკუპირებული ყირიმიდან ღამით თავს დაესხა ოდესის რეგიონსაც. „X-22“ ტიპის რაკეტები მიმართული იყო ერთ-ერთი კვების კომპანიისა და ზღვის სანაპიროზე არსებული რეკრეაციული ზონისკენ. ოდესის რეგიონში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მძიმე ბრძოლები ბახმუტსა და მარინკაში მიმდინარეობს, სადაც რუსი სამხედროები ახორციელებენ მრავალრიცხოვან თავდასხმებსა და ტერიტორიას ცეცხლგამჩენი და ფოსფორის საბრძოლო მასალით ბომბავენ. უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსები ყველანაირად ცდილობენ ბახმუტის ხელში ჩაგდებას 9 მაისამდე, უკრაინელი ჯარისკაცების ამოცანა კი არის ქალაქის შენარჩუნება ამ თარიღამდე.