2023 წლის 30 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 477 ბავშვი მოკლეს. დაშავდა 955-ზე მეტი მოზარდი. ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მონაცემები საბოლოო არ არის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კუპიანსკის ცენტრალურ რაიონზე რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში. დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თითქმის 60 შეტევა მოიგერიეს. ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევის განხორციელებას ცდილობენ ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქ უმანის საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაზე ისაუბრა და რუსეთს პასუხისმგებლობის დაკისრებით დაემუქრა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ სოფელი სუზემკა დაბომბა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, მთლიანად დაინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე ნაწილობრივ დანგრეულია კიდევ ორი საცხოვრებელი. რუსული მედიის თანახმად, ოლქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაიბომბა.