რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მაშველებმა ხუთსართულიანი სახლის ნანგრევებიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის არის ორი წლის ბავშვიც.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ სლავიანსკის მიმართულებით „S-300“-ის ტიპის შვიდი რაკეტა გაუშვა, საიდანაც ექვსი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული ტერორის გარეშე, აღდგომის კვირის არცერთი საათი არ გასულა. ზელენსკის თქმით, ბოროტების სახელმწიფოებზე გამარჯვება კაცობრიობის წინაშე უკრაინის ვალდებულებაა.