ცხედრები გზებზე, ზურგზე ხელებშეკრული და ისე დახოცილი მოქალაქეები, სასტიკი წამების და დაწვის მცდელობის კვალი მოკლულთა სხეულზე, მიწასთან გასწორებული შენობები და განადგურებული ქალაქი, – მსოფლიო რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული ბუჩას ფოტოებითაა შეძრული.
კიევის ოლქში მდებარე ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და მათ მიმართ გამოვლენილი სისასტიკე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გენოციდად და ომის დანაშაულად ფასდება. აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აანონსებენ და დანაშაულის ჩამდენთა და დამკვეთთა დასასჯელად სასწრაფო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის დელეგაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდანაც გარიცხონ.
ბუჩას მსგავსი უმძიმესი სურათია კიევის გარეუბანში მდებარე ირპენში, გოსტომელსა და ვორზელშიც, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ იყვნენ.